საზოგადოება
ნინო კალანდაძე: „გერმანია საქართველოს დიდ მხარდაჭერას უწევს“

kandaZe-kornelia-piperiთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, გერმანია საქართველოს დიდ მხარდაჭერას უწევს და იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ამის შესახებ კალანდაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციაა ჩამოსული.

„შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს. ჩვენ გერმანია დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა კალანდაძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია სხვადასხვა სფეროში საკმაოდ მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ, მათ შორის, საგარეო ურთიერთობების კუთხითაც.

მისი თქმით, გერმანია მიესალმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელშიც საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორნელია პიპერი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინსაც შეხვდა.