საზოგადოება
მზიურში რაულ ვალენბერგის ხსოვნის უკვდავსაყოფად ზეთისხილის ნერგები დარგეს

VALENBERGIთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. შვედი დიპლომატი რაულ ვალენბერგი წლების განმავლობაში ბუდაპეშტში შვედეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლად მუშაობდა. შვედური პასპორტების დარიგებითა და შვედური სახლების დაარსების გზით მან ათობით ათასი ებრაელი იხსნა  ჰოლოკოსტისგან. 1945 წელს ვალენბერგი საბჭოთა ძალებმა  დააპატიმრეს.

მსოფლიოს მასშტაბით ვალენბერგისადმი მიძღვნილი არაერთი მონუმენტი, ძეგლი და მემორიალი არსებობს. მისი ხსოვნა უკვდავყოფილია წიგნებში, მუსიკალურ ნაწარმოებებსა და  ფილმებში; მის სახელს ატარებს შენობები, მოედნები, ქუჩები, სკოლები თუ სხვა დაწესებულებები.

თბილისში ცნობილი შვედი საზოგადო მოღვაწის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა: ევროპის სახლში ფოტოგამოფენა – „რაულ ვალენბერგი – ადამიანი, რომელმაც შეცვალა სამყარო“ – გაიხსნა, სადაც გამოფენილია ვალენბერგის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. ასევე,  გაიმართა სემინარი მისი მოღვაწეობისა და ჰოლოკოსტის შესახებ. დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ,  შვედური მხატვრული ფილმი „საღამო მშვიდობისა, მისტერ ვალენბერგ“ ენახათ და ცნობილი პიროვნების საქმიანობას უკეთ გასცნობოდნენ.

ვალენბერგის საიუბილეო ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერია. მზიურში რაულ ვალენბერგის ხსოვნის უკვდავსაყოფად ზეთისხილის ნერგების დარგვაში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ისრაელის, შვედეთისა და უნგრეთის სრულუფლებიანმა ელჩებმა, ასევე, თბილისში სპეციალური ვიზიტით მყოფმა ვალენბერგის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მარია ტუმამ მიიღეს მონაწილეობა.