მინდა, გაგაფრთხილოთ - კრიტიკული ჟამის დადგომისას (ის კი აუცილებლად ჩამოჰკრავს!) თქვენ გიღალატებთ და მიგატოვებთ თქვენი გუნდის უმრავლესობა და ერთადერთ საყრდენად და იმედად დაგრჩებით ჩვენ - უბრალო ხალხი, საქართველოს პატრიოტები, თუმცა, შესაძლოა, მაშინ უკვე ვეღარაფერი შევძლოთ, ვეღარ მოგისწროთ. სწორედ ამიტომ, უპირველესად და უსწრაფესად, უნდა „შეაჯანჯღაროთ“ სამართალდამცავი სტრუქტურები - პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტრო და საბჭო, ომბუდსმენის აპარატი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი და თავდაცვის სამინისტრო.
ბატონო ირაკლი! ჩვენი „დათუნია“ შინაგან საქმეთა მინისტრ ჭიკაიძის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არცთუ შორეულ წარსულში თქვენს ქვემდებარე უწყებაში არასახარბიელო სურათია კადრების მხრივ: პატიოსანი პროფესიონალები, რომლებმაც სუფთა რეპუტაცია შეინარჩუნეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც კი, დაუმსახურებლად არიან განთავისუფლებულნი სტრუქტურიდან, გადაყვანილნი კადრების განკარგულებაში ან დაქვეითებულნი, მაშინ, როდესაც მერაბიშვილის დანაშაულებრივი ბრძანებების ამორალური და თავზეხელაღებული შემსრულებლები არამარტო შესანიშნავად გრძნობენ თავს, კარიერულ წინსვლასაც არ უჩივიან!
ყველაზე მეტად ეს ურტყამს სამსახურზე, რომელსაც, რატომღაც, სომხური სახელწოდება აქვს - „სუს“ (სომხურ ენაზე სიტყვა „სუს“ ნიშნავს „ჩუმად“, რაც, ვაღიარებ, შეესატყვისება ამ სამსახურის პროფილს). სუს დიდი ხანია, შსს-ის სისტემიდან ცალკე სტრუქტურად უნდა გამოყოფილიყო და მას ძველი დასახელება „სუკ“ აღდგენოდა (იგივე ბრენდად ქცეული «КГБ»). იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუს საგანგებოდაა დაკომპლექტებული ინერტული, უინიციატივო, გონებაშეზღუდული, გაუნათლებელი დილეტანტებით, რომლებსაც არათუ შემოქმედებითად მუშაობა, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება არ შეუძლიათ, არამედ წარმოდგენაც კი არ აქვთ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე! და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში ღიად თუ „სუსად“ (ანუ, ჩუმად) აგრძელებენ ძირგამომთხრელ მუშაობას უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურების ჯაშუშები და მათ მიერ გადაბირებული ადგილობრივი აგენტურა!
ან, იქნებ, საქმე პირიქით - არა საკადრო, არამედ სახელმწიფო პოლიტიკაშია, ბატონო ირაკლი? იქნებ, „ვიღაცამ“ ჩუმად ყოფნა, ანუ „გასუსვა“ უბრძანა სუს-ის თანამშრომლებს და თან დაემუქრა, რომ ინიციატივა ისჯება?! იმედია, თქვენ არ გასცემდით ასეთ ბრძანებას, ბატონო პრემიერ-მინისტრო...
გნებავთ, ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, რომლისთვისაც ჩვენ არც ვიდეოთვალთვალი და არც ფარული მოსმენები არ გვჭირდება? მოდი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შსს-ის და თავდაცვის სამინისტროს სულ რამდენიმე ყოფილ ოფიცერს (რომელთაც დღეს, სხვათა შორის, დიდი გაჭირვებით გააქვთ თავი) დროებით დავუბრუნოთ წვდომა ზოგიერთ სპეციალურ მონაცემთა ბაზებსა და ტექნიკურ საშუალებებზე - და სულ მალე თქვენს მაგიდაზე დაიდება შოკისმომგვრელი ოპერატიული და ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც გაგაოგნებთ! გაუზიარეთ ეს შეთავაზება თქვენს სიმამრს - ვფიქრობ, როგორც პროფესიონალი, ის აუცილებლად ჯეროვნად შეაფასებს მას.
ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
14 ივლისი, 2014 წელი
საქართველო, თბილისი